განათლების დონე და ქრთამის აღების გამართლება

მაისი 22, 2011 § დატოვე კომენტარი

ალექსი გუგუშვილი

საქართველოში კორუფციაზე საუბრისას ხშირად მხოლოდ აგრეგირებულ მაჩვენებლებზე ხდება ყურადღების გამახვილება. მაგალითად, მოსახლეობის რა ნაწილს მოუწია ქრთამის გადახდა, ან რა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორუფციის დონე გაიზარდა ან შემცირდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სოციალურ მეცნიერებებში დასაბუთებულია, რომ არსებობს კავშირი კორუფციის დონესა და ინდივიდების მიერ კორუფციის გამართლებას შორის. თავის მხრივ, კორუფციაზე ადამიანთა წარმოდგენები უკავშირდება მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს. აღნიშნული ჩანართი მიზნად ისახავს ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებლის, ინდივიდების ფორმალური განათლების დონისა და კორუფციაზე მათი შეხედულებების ურთიერთკავშირის ასახვას.

მოცემული ანალიზი ეფუძნება საქართველოში 1996 და 2008 წლებში ჩატარებულ მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებს. ორივე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით  რესპონდენტთა წარმომადგენლობითი ჯგუფისთვის დასმული იყო შეკითხვა, ამართლებენ თუ არა ისინი ქრთამის აღებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება წარმოვადგინოთ დამოკიდებული ცვლადის სახით და დავუკავშიროთ რესპონდენტთა განათლების დონეს. მაგრამ იმისათვის, რომ გავერკვიოთ თუ რა კავშირი არსებობს განათლებასა და ქრთამის აღების გამართლებას შორის, ანალიზის დროს გასათვალისწინებულია სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორებიცაა ინდივიდების შემოსავლები, სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში.

უმცირეს კვადრატთა რეგრესიული ანალიზის შედეგები გვიჩვენებს, რომ 1996 და 2008 წლებში გამოყენებული დამოუკიდებელი ცვლადების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირს ავლენს ქრთამის აღების შესახებ შეხედულებებთან. ორივე პერიოდში ასაკი, დაოჯახება, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა უარყოფითად უკავშირდება ქრთამის აღების გამართლებას, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლებს დადებითი ასოციაცია აქვს კორუფციაზე მოსაზრებებთან. აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან 2008 წლამდე ჩამოთვლილი ცვლადების სტატისტიკური მნიშვნელობა კლებულობს, რაც განპირობებულია დროის ამ მონაკვეთში იმ ადამიანთა რიცხვის მნიშვნელოვნი კლებით ვინც ამართლებს ქრთამს.

განათლების დონე განხილულ ცვლადთაგან ერთადერთია, რომლის კავშირიც ქრთამის აღების გამართლებასთან ხარისხობრივად შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ. მაშინ როდესაც 1996 წელს გამოკითხულ რესპონდენტთა განათლების დონეს დადებითი, თუმცა სტატისტიკურად უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა ქრთამის გამართლებასთან, 2008 წელს ეს ურთიერთკავშირი უკვე მნიშვნელოვანი და ნეგატიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ფორმალური განათლების მქონე ინდივიდები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ქრთამის აღება გაუმართლებულია.

ქრთამის აღების გამართლების ალბათობა ინდივიდების განათლების დონის მიხედვით, 1996 და 2008 წლები

შენიშვნა: გათვლებისას გათვალისწინებულია ინდივიდების შემოსავლები, სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა. წყარო: ავტორის გაანგარიშებები მსოფლიო ღირებულებათა კველვის მონაცემების გამოყენებით.

ზემოთ მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს განათლების დონიდან გამოდინარე ქრთამის გამართლების ალაბათობას, შემოსავლების, სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობის გათვალისწინებით. მაგალითისთვის 2008 წლის მონაცემების მიხედვით, 17 პროცენტული პუნქტით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ უმაღლეს განათლებულებმა გაამართლონ ქრთამის აღება მხოლოდ დაწყებითი განათლების მქონეებთან შედარებით. დიაგრამა ასევე გვიჩვენებს, რომ განათლების კავშირი კორუფციის გამართლებასთან  არამხოლოდ უმნიშვნელო იყო 1996 წელს, არამედ უფრო განათლებული ინდივიდები ხასიათდებოდნენ პოზიტიური დამოკიდებულებით ქრთამის აღებისადმი.

არსებული მონაცემები საშუალებას არ გვაძლევს გამოვავლინოთ რით აიხსნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც ადგილი ჰქონდა 1996-2008 წლებში, თუმცა შესაძლებელია ჰიპოთეთურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბარი. 2008 წელს მოსახლეობის გაცილებით მეტ ნაწილს გააჩნდა ფორმალურად უფრო მაღალი განათლების დონე, რაც 90-იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა სახის კერძო სასწავლებლების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობით შეიძლება აიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ განათლების უფრო მაღალ დონეს ხშირ შემთხვევაში არ გაუზრდია დასაქმების შესაძლებლობა ინდივიდებისთვის, ამ პროცესმა ალბათ ხელი შეიუწყო კორუფციის შესახებ უარყოფითი შეხედულებების გავრცელებას.

ასევე საფიქრებელია, რომ საზოგადოება 2008 წელს უფრო მერიტოკრატიულია ვიდრე ის 1996 წელს იყო. ანუ სხვა სიტყვებით, ადამიანები ნაკლებად ამართლებენ კორუფციას, თუ უმაღლესი განათლების მიღებისა და შრომის ბაზარზე წარმატებისთვის მათ ნაკლებად უწევთ ქრთამთან შეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ განათლების დონეს აქვს კავშირი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და შეხედულებებთან კორუფციის შესახებ, ხოლო  განათლებაზე ფართო ხელმისაწვდომობას შეუძლია გაზარდოს უარყოფითი დამოკიდებულება ქრთამის აღებისადმი და სავარაუდოდ შეამციროს კორუფციის საერთო დონე.

[ამ სტატიის ოდნავ უფორ გრძელ და ტექნიკურ ვერსიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ: http://goo.gl/FnxZA]

დატოვე კომენტარი

What’s this?

You are currently reading განათლების დონე და ქრთამის აღების გამართლება at სოციალური კვლევები საქართველო.

meta